საზოგადოება
31/03/2021

ვაქცინაციაში 55 წლის ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვებიან

კოვიდვაქცინაციაში 55 წლის ასაკის ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართული ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

“ჩვენ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგი აქტივობაა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც 65 წელს ზევით არიან. ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო იმ ჯგუფის, რომელიც 55 წლიდან 65 წელს მოიცავდა“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან აგრეთვე დიალიზის და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 

 დამატებული ჯგუფი ვაქცინაციაში ჩართვას 5 აპრილიდან შეძლებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია. ვაქცინაციაში პირველ ეტაპზე ჩაერთო სამედიცინო პერსონალი. შემდეგ კი, დაემატა 65 წელს ზემოთ ასაკის პირები. საქართველოში შემდეგი კვირიდან ჩინური ვაქცინის “სინოფარმის“ შემოტანა იგეგმება. ივლისიდან კი, ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას დაიწყებს.