ბიზნესი
25/05/2021

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს

ბაზარზე შესაძლოა გარკვეული ტიპის მეორადი საბურავების იმპორტი შეიზღუდოს.

ინიციატივა "თეგეტა მოტორსს" ეკუთვნის და კომპანიის წარმომადგენელმა ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის ერთობლივ შეხვედრაზე გააჟღერა.

გიორგი მშვილდაძის მტკიცებით, ექსპლუატაციის ვადა გასული და მეორადი საბურავები ერთი მხრივ გარემოს აყენებს ზიანს, მეორე მხრივ კი ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

„მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების ამოქმედების გადავადებას მივესალმები, რადგან საკმაოდ პრობლემური საკითხები კვლავ მოსაგვარებელია. მაგალითად, საბურავების დარგში ბევრი პრობლემაა, რომელიც უკავშირდება მის შეგროვებას ან თუნდაც გადამუშავებას. ამას ისიც ემატება, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ვადაგასული საბურავები იყიდება ბაზარზე, რომელიც საკმაოდ საფრთხისშემცველია მომხმარებლებისთვის. ამასთან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოლოგიას. ზოგადად საბურავები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნარჩენად. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს. ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რათა მოხდეს საკითხის რეგულირება და კანონმდებლობა გამკაცრდეს. ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიექცეს მეორადი საბურავების იმპორტს. ზოგადად ბევრ ქვეყანაში მეორადი საბურავების იმპორტი აკრძალულია", - ამბობს გიორგი მშვილდაძე, “თეგეტა მოტორსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

საკითხის დროული რეგულირების გარეშე თეგეტა მოტორსი დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს.

ჯერ გვექნება კონსულტაციები ბიზნეს ასოციაციასთან. ერთი მხრივ თუ ვამბობთ, რომ საბურავი არის, ეკოლოგიურად დამაზიანებელი და საშიში და გავლენა დიდია გარემოზე მაშინ რატომ არის დაშვებული მეორადი საბურავების იმპორტი. რატომ შემოდის საქართველოში ევროპაში გადაყრილი საბურავები. საკითხთან დაკავშირებით გვინდა მივმართოთ სასამართლოსაც რათა დადგინდეს შეიძლება თუ არა მსგავსი საბურავების იმპორტი,“ - ამბობს იორგი მშვილდაძე.

ცნობისთვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გადავადების საკითხი ბიზნეს ასოციაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით  წევრ კომპანიებთან ერთად განიხილა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რაც რეგულაციის ამოქმედებამდე უნდა გაკეთდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეფორმა არ ჩერდება და პროცესი, რომელიც რეგლამენტის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული ამ ერთი წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) - ეს არის ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც ე.წ. სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება, როგორიცაა შესაფუთი მასალები, მეორადი საბურავები, ელექტრო მოწყობილობები, ზეთები და ა.შ. მისი ამოქმედების შემდეგ, მწარმოებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ თავად იზრუნონ მათ მიერვე წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე.

 

 

Businesspartner