საზოგადოება
30/03/2021

საქართველო მასობრივ იმუნიზაციას ივლისიდან დაიწყებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით ივლისიდან გადავა.

მისი თქმით, საქართველოში დამატებით ჩინეთის წარმოებული ვაქცინის გარდა, შემოვა “ნოვოვაქსის“ ვაქცინა. “ნოვოვაქსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმებულია, რომ ქვეყანაში 1 მილიონ დოზა ვაქცინას შემოიტანენ. გარდა ამისა, მოლაპარაკება მიმდინარეობს “ჯონსონ & ჯონსონთან“, აგრეთვე უშუალოდ “ფაიზერთან“.

“საქართველოში საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. ქვეყანაში იქნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე , ეს არის “ნოვოვაქსის“ ვაქცინა, რომელთანაც დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება. “ნოვოვაქსი“ ამერიკული კომპანიაა, მის მიერ წარმოებული ვაქცინა პრინციპით განსხვავდება “ფაიზერის“, “ასტრაზენეკას“, “მოდერნას“ და ჩინური ვაქცინებისგან. “ნოვოვაქსი“ ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია. ამის გარდა ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებას “ფაიზერთან“, არა “კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ “ფაიზერთან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ჯონსონ & ჯონსონთან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია შემოტანილი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყო, შემდეგ კი, 65 წელს ზევით ასაკის პირები დაემატნენ.