დიალიზის და ორგანოგადანერგილი პაციენტები კოვიდვაქცინაციაში ჩაერთვებიან
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჯგუფი იზრდება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში დიალიზის და ორგანოგადანერგილი პაციენტები ჩაერთვებიან.
“ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება დიალიზის პაციენტებისთვის. ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში. მათი აცრა მოხდება იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალეზის თერაპიას.
ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც ორგანოგადანერგილები არიან. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, ვაქცინაციის ჯგუფს ემატებიან 55 წლის ზემოთ ასაკის პირები.
მინისტრის ინფორმაციით, დამატებული ჯგუფი ვაქცინაციაში ჩართვას 5 აპრილიდან შეძლებენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია. ვაქცინაციაში პირველ ეტაპზე ჩაერთო სამედიცინო პერსონალი. შემდეგ კი, დაემატა 65 წელს ზემოთ ასაკის პირები. საქართველოში შემდეგი კვირიდან ჩინური ვაქცინის “სინოფარმის“ შემოტანა იგეგმება. ივლისიდან კი, ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას დაიწყებს.