ვოიაჟერ 365: წელს კვიპროსზე ქართველი დამსვენებლების უპრეცედენტო ზრდაა
წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ტურისტული პაკეტების ფასები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რიგი მიმართულებებით, დაახლოებით 20-30%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც შედარებით უფრო მეტად აქტიურია ზაფხულის სეზონზე - პირობითად, თურქეთი.
„მიუხედავად მომატებული ფასებისა, რაც გლობალურ ბაზრებზე არსებულმა ინფლაციამ განაპირობა, ქართველი დამსვენებლები კვლავ აქტიურად მოგზაურობენ. ზაფხულის ჯავშნებიც უკვე მრავალი მიმართულებით კეთდება. მინდა აღვნიშნო, რომ გამოკვეთილი სეზონი გამყვანი ტურიზმის სექტორში აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სეზონზე მოიძებნება ერთი კონკრეტული ლოკაცია, სადაც ქართველ დამსვენებლებს შევთავაზებთ, რომ წავიდნენ და დაისვენონ სხვადასხვა ბიუჯეტში, სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.
„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი განსაკუთრებულ ყურადღებას კვიპროსზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური ნიშნებია. „წელს, კვიპროსზე ქართველი დამსვენებლების უპრეცედენტო ზრდაა. შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც მიწოდება ხდება“, - აღნიშავს ქუცნიაშვილი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტლის შეჯამებას, როგორც „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, გაზაფხულის სეზონი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. მოთხოვნადი იყო როგორც ევროპის ტრადიციული ბაზრები, ასევე საზღვაო კურორტები აზიის, აფრიკის რეგიონებში - დუაბი, აბუ-დაბი, ბალი, ტაილანდი, ზანზიბარი, ასევე მალდივები.
"ჩვენი კომპანიის მაგალითზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა ტურისტულ პაკეტებზე 30%-ით გაიზარდა. გაზაფხულის პერიოდში ციფრებში საკმაოდ პოზიტიური შედეგი მივიღეთ“, - განაცხადა ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა.
ცნობისთვის, უცხოეთში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა და საქართველოს ტერიტორიიდან, საზღვარგარეთ 585 ათასზე მეტი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ მიზნებს, საქართველოდან 255 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 77 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემებზე.
2023 წლის I კვარტალში საქართველოდან განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372 მილიონ ლარს აღემატება, რაც 31 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 830 ლარი შეადგინა.