ტექნოლოგიები
01/11/2023

"STARLINK-ის ინტერნეტს არ ვუყურებ ტექნოლოგიას, რომელსაც ქართველი მომხმარებლები მასობრივად გამოიყენებენ"

"STARLINK-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს არ ვუყურებ როგორც ტექნოლოგიას, რომელსაც ქართველი მომხმარებლები მასობრივად გამოიყენებენ,"- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი პრემიალიური კატეგორიისაა, რასაც მისი ღირებულებაც აჩვენებს. თუმცა, ის პირველ რიგში იქნება ალტერნატივა, რომელიც იმ ადგილებში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ არის.

სეთური გერმანიის მაგალითს განიხილავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ქვეყანაში, პარამეტრების ნაწილში, თვის განმავლობაში STARLINK-ის ინტერნეტს თვიურად 94%-იანი სტაბილურობა აქვს. ხარისხზე გავლენა კი შესაძლოა ძლიერმა წვიმამ ან თოვლმა იქონიოს და  გარკვეული შეფერხება გამოიწვიოს.

"მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ალტერნატივა იქნება, მოგზაურებისთვის, მთამსვლელებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სეზონურად  მთაში არიან. გარდა ამისა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სასტუმრო აქვთ.  ასევე ალტერნატივა იქნება სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის და სამხედროების შემთხვევაშიც.  თუმცა, სადაც ალტერნატივები არ არსებობს ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსგან ფიზიკური პირებისთვის სუბსიდია უნდა დაწესდეს ,"-აცხადებს სეთური.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს STARLINK-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომხმარებელი, სეთური აცხადებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიისგან ნაკლებად მოსალოდნელია, ბაზარზე რაიმე რევოლუციური ცვლილებების  მოხდენა.

რაც შეეხება შედეგებს, "მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელის ვარაუდით, სამი თვის შემდეგ, თვალსაჩინო გახდება შედეგები, თუ რამდენი აბონენტი ეყოლება ქსელს.

შეგახსენებთ,Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც უკვე  ხელმისაწვდომია. Starlink-ის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საქართველოში, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული.  კომპანიის ინფორმაციით,  აპარატურის შესაძენად  საჭიროა  1780 ლარია, ხოლო მის ტრანსპორტირება 235 ლარი ღირს.