ეკონომიკა
19/04/2022

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში

Financial Times-ის კვლევის თანახმად, ზრდის შენელებისა და მაღალი ინფლაციის, ანუ სტაგფლაციის ორმაგი საფრთხე წელს გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. 

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება, გლობალური ეკონომიკა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. 

FT წერს, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები გამართავენ შეხვედრას. მიმდინარე კვირაში კი მოსალოდნელია, რომ IMF ქვეყნების უმეტესობისთვის საკუთარ პროგნოზებს შეამცირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ რუსეთ-უკრაინის ომს უკვე უწოდა გლობალური ეკონომიკისთვის "მასიური მარცხი". 

ამასთან, Brookings-FT თრექინგის ინდექსის მიხედვით, ომი გლობალურად ფასებზე ზეწოლის გარდა წარმოების მოცულობების შემცირებასაც გამოიწვევს. ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი, ესვარ პრასადი ვარაუდობს, რომ 2022 წელი შეიძლება გეოპოლიტიკური გადაჯგუფების, მიწოდების მუდმივი შეფერხებების და ფინანსური ბაზრების ცვალებადობის პერიოდი იყოს. 

"მსოფლიოს სამი დიდი ეკონომიკური ბლოკიდან თითოეული მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში შრომის ბაზარი დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ პირობებს, ინფლაცია სერიოზულ სირთულეებს უქმნის ფედერალური სარეზერვო ბანკის ფასების სტაბილურობის მანდატს. ფასების ზრდის ტემპი მარტში 40 წლის მაქსიმუმამდე 8.5%-მდე გაიზარდა",- ციტირებს პრასადის სიტყვებს Financial Times.

სტატიის მიხედვით, რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩინეთიც. შესაძლოა, რომ პეკინმა წელს დაგეგმილ 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ ერთხელ გადახედოს. 

განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ევროპა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია. მიზეზი რუსეთის ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა.