ეკონომიკა
07/06/2022

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა

რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებთან ერთად, გაჩნდა ამის აუცილებლობაც, ამის შესახებ "ჯეოქეისის" მკვლევარმა და კავკასიის უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. როგროც აბაშიშვილი განმარტავს, საქართველოსთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის გვერდის ავლით ეკონომიკური მოვლენების გააქტიურება.

"რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება ტრანზიტიც, ლოგისტიკაც და მიწოდების ჯაჭვების გამრავალფეროვნება, რადგან ფაქტია, რომ გლობალური ეკონომიკის არქიტექტურა ამ კუთხით იცვლება და არსებულ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოვიყენებთ პოტენციალს. ასევე, როდესაც მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ თემაზე, სასურსათო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით ყაზაეთთან თანამშრომლობა საქართველოს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უჩენს.

საქართველოს შეუძლია შესთავაზოს მისი პოტენციალი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, რიგორც ყველა ქვეყანას, ასევე განსაკუთრებით ყაზახ ინვესტორებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობა, ლოგისტიკური ცენტრების შექმნა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არამხოლოდ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, არამედ საქართველოს როლზე, როგორც ლოგისტიკურ ცენტრზე. ამასთან, ყაზახეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩინეთთან დაახლოვების პერსპექტივის კუთხით,"– აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.

როგორც ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო კუთხით ყაზახეთთან ნაცნობობა და მუდმივი კომუნიკაცია, რადგან ვაჭრობა დინამიური პროცესია.

„ბუნებრივია, რუსეთ–უკრაინის ომის ნეგატიური გავლენა მაღალია, შემოიტანა დაბნეულობა ყველა სფეროში. დადებითი მოვლენა თუ შეიძლება დავინახოთ ამ მდგომარეობაში, ეს არის ტრანსკასპიური დერეფნის აქტუალიზაცია აზიური ქვეყნებისთვის. მათ შორის, დასავლური ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ცენტრალურ აზიურ ბაზარს უმიზნებენ. საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია კომპანიებისა და ტვირთმფლობელების დაინტერესება და ვცდილობთ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები,“ – მიაჩნია  გიორგი ჯახუტაშვილს.

TBC Capital–ის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის.

„საჭიროა კარგად დავინახოთ ის პოტენციალი, რომელიც ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებობს. ასევე, გავაანალიზოთ თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ჰაბი და ეკონომიკური პარტნიორობა ამ თვალსაზრისით გამოიყენოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვხედავთ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში,“–აცხადებს, ირინა კვახაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვების, სტრატეგიისა და რეკომენდაციების გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ზოგადად ასეთი ტიპის გაერთიანებები იქმნება, მაგრამ აქტიურად ვერ ფუნქციონირებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანება მიმართულია ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციისკენ. წარმოდგენილ კვლევაში ძალიან საინტერესო მიგნებები იყო დაფიქსირებული. ყაზახეთთან ბერვი კუთხით არის სამუშაო და პოტენციალი ცალსახად არსებობს, მათ შორის ტურიზმის მხრივ და როგორც კვლევამ აჩვენა ყაზახები ერთ–ერთი მაღალდანახარჯიანი ტურისტები არიან, ვინც კი საქართველოში შემოდის,"–ამბობს, აბაშიშვილი.

ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა შეხვედრაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების  მიმართულებით სწორედ, იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც კიდევ უფრო გაარღმავებს ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გაერთიანების ხელმძღვანელმა  რამდენიმე რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის  შემდგომ შესრულებას საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და  მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, მნშვნელოვანია  პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს აღმასრულებელ ორგანოებსა და კერძო სექტორშიც.