სტარტაპი
22/06/2022

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა

სტარტაპი Bitnet მომხმარებელსა და კრიპტოეკონომიკას შორის დამაკავშირებელი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერი გამოცდილების მომხმარებელს უმარტივებს წვდომას იმ ბენეფიტებზე, რასაც დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემები გვთავაზობს.  

Bitnet–ზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს ციფრული ვალუტები, ისარგებლოს სესხით ან უსაფრთხოდ შეინახოს თავისი ციფრული აქტივები.

დეტალებზე Bitnet–ის თანადამფუძნებელი და CEO თინათინ კვინტრაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პლატფორმის ინოვაციურობა მის სიმარტივეშია, რადგან მორგებულია, როგორც გამოცდილ, ასევე გამოუცდელ მომხმარებელზე და ნებისმიერი ინტერნეტ ბანკის აპლიკაციის მსგავსად მარტივი სამართავი იქნება.

"ასევე, პლატფორმა ბიზნესებს კრიპტოტერმინალებს მიაწვდის, რითაც ისინი თავიანთი სერვისებისა თუ პროდუქტების გაყიდვას ციფრულ ვალუტებში შეძლებენ, ამასთან, ავტომატური კონვერტაციის საშუალებით ბიზნესები პირად ანგარიშზე პირდაპირ ლარს მიიღებენ, რაშიც Bitnet–ს კომპანია CityPay.io გაუწევს თანამშრომლობას.

პლატფორმა უკვე შექმნილია და მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები. პარალელურად მზადდება მობაილ აპლიკაციაც, ხოლო ფუნქციონირებას ორივე სექტემბერში დაიწყებს"–აღნიშნავს, თინათინ კვინტრაძე.

ახლახანს სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. 

როგორც Bitnet–ის თანადამფუძნებელი და CTO რევაზ ლაშქარავა აღნიშნავს, სტარტაპს უკვე ყავს მსოფლიოში გავლენიანი პარტნიორები და სერვის პროვაიდერები, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟა FTX Crypto Derivatives Exchange-ი.

"GITA–სგან მიღებული გრანტი სწორედ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის დაიხარჯება. ჩვენმა სტარტაპმა საერთაშორისო ინვესტიციების სახით უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი მოიზიდა. ამასთან, მჭიდრო კოლაბორაცია გვაქვს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ჩვენი მიზანი მხოლოდ საქართველოში ოპერირება ნამდვილად არ არის, თუმცა სექტემბერში დავიწყებთ საქართველოდან და შემდეგი ქვეყანა იქნება ყაზახეთი. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო თვეში მივიღებთ ლიეტუვის ლიცენზიას, ევრიკავშირის ქვეყნებში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის შესახებ, რაც დაგვეხმარება ჩვენი მიზანის მიღწევაში, რომ სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბზე გავიდეთ.

მინდა აღვნიშნო, რომ GITA–ს კონკურსში მონაწილეობამ მოგვცა დიდი გამოცდილება, რაც ჩვენი აზრით იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ თანხის მიღება."–აცხადებს რევაზ ლაშქარავა.

Businesspartner