ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, "ენკასთან" არბიტრაჟის გარეშე მოხდეს შეთანხმება
"ნამახვანჰესთან" დაკავშირებით "ენკასთან" შეხვედრები გრძელდება.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, კომპანიასთან შეთანხმება არბიტრაჟის გარეშე მოხდეს.
"თანაბრად განიხილება ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის, ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა. განცხადების მიხედვით, ინვესტორი $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.
რაცშეეხება რა ოდენობის თანხა შეიძლება დაეკისროს საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია, 27 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს, თუმცა მას შემდეგ ამის შესახებ არაფერი თქმულა.