პრემიერი: ENKA-სთვის რამდენის გადახდა მოგვიწევს არავინ იცის - ეს შორეული პერსპექტივაა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენის გადახდა მოუწევს ქვეყანას ENKA-სთვის "ნამახვანჰესის" პროექტის შეწყვეტის გამო.
პრემიერი აქვე აცხადებს, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს.
"არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა. თუ კომპანია დატოვებს, აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. პრობლემას ვერ ვხედავ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.