ეკონომიკა
11/03/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა. ირაკლი ღარიბაშვილს ამის დასტურად OMV Petrom-თან გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს.

"ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც OMV PETROM-ია, გამოხატავს სრულ მზაობას, რომ საქართველოში პირველი ფაზის განხორციელება ძალიან მალე დაიწყოს. ეს კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA გახდა.

ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის.

ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 10 მარტს შეხვდნენ.