Eurowings: საქართველო პერსპექტიული ავიაბაზარია
გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გამოჩნდა. თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირების გარდა, Eurowings-მა ფრენა შესაძლოა ქუთაისიდანაც დაიწყოს. მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დაწყებულია.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიური შეზღუდვების შემდეგ, ავიამიმოსვლაზე მოთხოვნა იზრდება. რა გეგმები აქვს Eurowings-ს საქართველოში და როგორ აფასებს საქართველოს ავიაბაზარს, გთავაზობთ ინტერვიუს Eurowings-ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერთან ივან ორეკთან.
- თავდაპირველად მინდა გკითხოთ საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილებაზე. ამ საკითხზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. რატომ გადაწყვიტეთ შემოსვლა ახლა, ამ პანდემიურ ვითარებაში?
- როგორც აღნიშნეთ, მოლაპარაკებები შესაძლო ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტებთან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო კარგი მომენტი ფრენების დასაწყებად გერმანიიდან თბილისის მიმართულებით. გვჯერა, რომ ეს არის პერსპექტიული მიმართულება. ჩვენ კვლავ პანდემიის შუაგულში ვართ, მაგრამ ხალხს აქვს მოგზაურობის სურვილი და მოთხოვნა იზრდება.
- დაახლოებით რამდენი მგზავრის გადაყვანას გეგმავთ თბილისი-დუსელდორფის საჰაერო ხაზზე წლის ბოლომდე ან მომავალი ერთი წლის განმავლობაში? როგორია თქვენი გათვლები?
- ძალიან რთულია ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ კვლავ პანდემიურ ვითარებაში ვართ, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნება, გვექნება კვირაში 2 ფრენა ზაფხულის სეზონის განმავლობაში და გავაგრძელებთ ფრენას კვირაში ერთი სიხშირით ზამთრის სეზონზე. ამ დროისთვის ჩვენ ვყიდით კვირაში ერთ ფრენას. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლებს, ეს როგორც ვთქვი, რთული სათქმელია არსებული ვითარების გათვალისწინებით. თუმცა, ფრენა კვირაში ორჯერ შესრულდება.
- უფრო კონკრეტულად, როგორია თქვენი პროგნოზი?
- რთულია მგზავრთა საპროგნოზო მაჩვენებლებზე საუბარი, მაგრამ მთლიანობაში, ერთ წელიწადში, ჩვენი გამტარუნარიოანობა 30 000 სავარძელია, ორმხრივ მიმართულებაზე.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ქუთაისის მიმართულებაზე. როგორც ვიცი, თქვენ განიხილავთ ოპერაციების გაფართოებას და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლას. როდის და რა მიმართულებებით დაიწყებთ ფრენას ქუთაისისდან?
- ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აეროპორტის მენეჯმენტთან რამდენიმე წელია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დავიწყეთ ოპერირება თბილისიდან და ვიტყოდი, რომ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება ეს საკითხი. შემდგომში, თუკი იქნება მოთხოვნა, ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს საერთაშორისო მიმართულებებს. საქართველო ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ქუთაისს, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებას, აქვს პოტენციალი რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ ახალი ვართ ამ ბაზარზე, და თუკი ყველაფერი სწორი მიმართულებით წავიდა, ყველაფერი შესაძლებელია.
- რა კონკრეტულ ვითარებაში დაიწყებდით ოპერირებას ქუთაისიდან?
- ამ დროისთვის როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში თბილისზე ვართ ფოკუსირებული. ამჟამად მოლაპარაკებებში ვართ ჩართული და ველოდებით კარგ მომენტს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი დაფარვის ზონა, მათ შორის ქუთაისში.
- რა იქნება ეს კარგი მომენტი?
- ჩვენ უნდა დაველოდოთ პანდემიის დასრულებას. ვხედავთ რომ ქვეყნებში იწყება აღდგენის პროცესი. მაგრამ ასევე ვხედავთ რომ გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება. ამიტომ ძალიან რთულია ამ ვითარებაში რამე დაგეგმო. ჩვენ კვლავ დაგვჭირდება მოცდა.
- როგორია აღდგენის დინამიკა თქვენი ავიაკომპანიის მაგალითზე? როგორ შეიცვალა მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ვაქცინები გამოჩნდა?
- ევროპაში ჩვენ ვხედავთ სწრაფი აღდგენის ნიშნებს. მოთხოვნა იზრდება ყოველკვირეულად. ვხედავთ დიდ მოთხოვნას ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნები. ვაქცინაციის პროცესი ევროპაში მიმდინარე ეტაპზეა და ვაკვირდებით როგორ აისახება ეს შემდგომ მოთხოვნაზე.
- მთლიანობაში რა ახალი მიმარულებები დაამატა წელს ავიაკომპანიამ? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩვენი მთავარი მიზანი იყო აღგვედგინა პანდემიამდე არსებული მიმართულებები. თითქმის ყველა მათგანი აღვადგინეთ. მას შემდეგ კი რაც მზარდი მოთხოვნა დავინახეთ, დავამატეთ ახალი ბაზრები - მაგალითად ისეთი, როგორიცაა საქართველო. ასევე ახალი მიმართულებები რუსეთში, რომელსაც ამ კვირაში უკვე დავიწყებთ. კავკასიის რეგიონს რაც შეეხება, ჩვენი ოპერაციები აქ არცთუ ისე ფართოა, თუმცა ეს ძალიან საინტერესო რეგიონია. ამიტომ თბილისში გაფართოების შემდეგ, დამატეთ ფრენა ასევე ერევანი კიოლნის მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ახალი მიმართულებების შეფასებას და ველოდებით მოთხოვნის ზრდას.