საქართველომ OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულება გააფორმა
საქართველომ OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებას ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom SA-ის კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნარდ კრაინერმა მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.
ცნობილია, რომ ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის.
ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.
ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს პროექტის წარმატებით განხორციელებაში ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალ OMV-ის შვილობილ კომპანია OMV PETROM-ს.