ენერგეტიკა
25/02/2021

საქართველო OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტო OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

"მთავრობის სხდომამ მოიწონა ე.წ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrom-ს შორის. ამ კომპანიამ გაიმარჯვა შავ ზღვაზე ნავთობის ძიებისა და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულში. ხელშეკრულებას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მანვე OMV Petrom-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ქვეყანაში რას საქმიანობს კომპანია. ასევე თქვა, რომ OMV Petrom-ის საქართველოში შემოსვლა ქვეყნის მდგრადი საინვესტიციო კლიმატის დადასტურებაა.

"OMV Petrom ერთ-ერთი უმსხვილესი ავსტრიულ-რუმინული კომპანიაა, რომლის დამფუძნებლებიც OMV Group და რუმინული სახელმწიფო არიან. თავად OMV პეტროლი არის ცნობილი სხვადასხვა მნიშვნელოვან საბადოზე ჩატარებული კვლევებითა და ნავთობის მოპოვებით. მათ შორის, მან აღმოაჩინა რუმინეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბადო, "დომინო-1". ჩვენც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე. ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა კი იმას მიუთითებს, რომ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც კი ვერაფერი დააკლო",- აღიშნია თურნავამ.

Businesspartner