ბიზნესი
14/04/2022

"ჰერბიამ" ქართულ ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო, ექსპორტი შეაჩერა

ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილმა მწარმოებელმა პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეაჩერა.მიზეზი საქართველოს ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო საექსპორტო პროდუქციის ნაკლებობაა.

კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საექსპორტო პროდუქცია აღარ რჩებათ.

"ჰერბიას" მწვანილზე, ბოსტნეულზე და სხვა პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა და წარმოება, რომელსაც ვლფლობთ, ამ ეტაპისთვის სრულად უზრუნველყოფს ქართული ბაზრის მოთხოვნას. თუმცა, მომავალში წარმოების გაზრდას და რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამას ხელს შეუწყობს ჩვენი ახალი პროექტიც.

აქამდე ჩვენი პარტნიორი იყო ბულგარეთი, სადაც არ იყო მკაცრი კრიტერიუმები, ვგულისხმობ, რომ არ ვიყავით ვალდებული მთელი წლის განმავლობაში მიგვეწოდებინა პროდუქტი, მხოლოდ ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვგზავნიდით. იმედი გავქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას."–აღნიშნავს, ზურაბ ჯანელიძე.

მისივე თქმით, "ჰერბიას" პროდუქციის წარმოება გაუძვირდა, რაც ჯერ არ ასახულა სარეალიზაციო ფასებზე, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწვავის ფასის გაზრდის და არასტაბილური მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ფასების 10–15%–ით აწევა მოუწევთ. 

ინფორმაციისთვის, "ჰერბია" წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც 30–მდე დასახელების მწვანილს, ბოსტნეულს, ასევე სხვადასხვა სახის სოუსებს აწარმოებს.