"ჰერბიას" ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოაქვს – კომპანიამ GITA-ს ₾100 000-იანი გრანტი მოიპოვა
"ჰერბია" ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავებას, შეფუთვას და ბაზარზე საჭმელად მზა სახით გატანას გულისხმობს.
ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა ამ იდეისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.
კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ პროექტი ინოვაციური იქნება საქართველოს ბაზრისთვის და არა მარტო.
"დაფუძნების დღიდან ინოვაციურობაზე ვართ ორიენტირებული. ასე შეიქმნა თავის დროზე შეფუთული ბოსტნეულის და მწვანილების მიმართულება, მაგრამ ახალი პროექტი სხვა შინაარსის მატარებელია და მეტი დეტალი მის განხორციელებასთან ერთად გახდება ცნობილი, მანამდე კი შემიძლია ვქვა, რომ მომხმარებელი მიიღებს, გასუფთავებულ და საჭმელად გამზადებულ მდგომარეობაში დამუშავებულ, შეფუთულ ხილს, ბოსტნეულს და სალათებს, რომლებიც ჩვენი სოუსების ქართული და უცხოური გემოებით, ასევე ახალი პროდუქტებით იქნება გამდიდრებული.
იმისათვის, რომ საწარმოო ხაზი სრულად გავმართოთ, დაახლოებით კიდევ 100 000 ლარის ინვესტიციის ჩადება ჩვენ მოგვიწევს, რადგან ახალი დანადგარებია საჭირო. დასაწყისისთვის, პროდუქტი ქართულ ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალში ექსპორტზე გატანასაც განვიხილავთ," – აღნიშნავს ზურაბ ჯანელიძე.
ინფორმაციისთვის, წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ახალი პროექტით კიდევ 20-30 სამუშაო ადგილი შეიქმნება.