“ვფიქრობთ კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდეთ, სულ დაკეტვას ასე გვირჩევნია“ – "მგზავრები“
“ვფიქრობთ კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდეთ, სულ დაკეტვას ასე გვირჩევნია“, - ასეთია სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ გეგმა, რომელსაც დახურული ზამთრის სეზონის გამო განიხილავს.
კომპანიის დირექტორის მოადგილე მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ისევე როგორც კურორტზე არსებულ სხვა სასტუმროებს, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ.
„იმედია მოვახერხებთ, რომ როგორც კოვიდ სასტუმრო ისე გავაგრძელოთ მუშაობა, თუ არადა დავიხურებით. კურორტზე ძალიან ბევრ სასტუმროს ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი, სეზონს ელოდებოდნენ, ნომრები დაამატეს. ამჟამად სიტუაცია გაურკვეველია, რადგან არ იყო იმის მოლოდინი, რომ შეზღუდვები სასტუმროებზეც გავრცელდებოდა“, - აცხადებს მანუსაჩიანი.
მისი ინფორმაციით, ზამთრის კურორტებისთვის და იქ მდებარე სასტუმროებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი, ანუ მთელი იანვარი ჩაიკეტა. “თუ სასტუმრო ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, მისთვის სწორედ ეს პერიოდია მაქსიმალურად დატვირთული. თებერვალი-მარტი ისეთი აქტივობით არ გამოირჩევა“, -აცხადებს მანუსაჩიანი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
მანამდე კი, სასტუმრო „მგზავრები“ წელს ბაკურიანსა და გუდაურში დამსვენებლების მიღებას თითქმის განახევრებული ფასებით გეგმავდა.