ტურიზმი
28/06/2022

"გასტრონომიული ცოდნის ბანაკი" - ბასკი შეფ-მზარეულები საქართველოში ტრენინგებს ჩაატარებენ

ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულები საქართველოში გასტრონომიულ ტრენინგებს ჩაატარებენ.

გასტრონომიულ ტრენინგებზე მოქმედი სუ-შეფისთვის, შეფ დე პარდიესთვის, დემი შეფისთვის და კომისთვის მიღებას აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტი, USAID -ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგები პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში ჩატარდება ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განუცხადა, პროექტის მიზანია, საქართველოში კულინარიული და გასტრონომიული განათლების ამაღლება. ამასთან, ეს არის მზადება გასტრონომიული სკოლისთვის, რომლის გახსნაც გურჯაანში იგეგმება.

მისი თქმით, მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან კრეატიულობის მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის. მონაწილეები გაეცნობიან გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, ახალი ინგრედიენტების გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.

„საუბარია თანამედროვე ტექნიკაზე, როგორ უნდა მოხდეს პროდუქტების დამუშავება, ასევე, ვიზუალურ მხარეზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ქართულ, ისე სხვა ნებისმიერ გასტრონომიაში. აქ მთავარია ცოდნის გაღრმავება და თანამედროვეობის სწავლა“, -აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ასაკი შეზღუდული არ არის. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ფრანგული კულინარიის საბაზისო დონეზე ცოდნა (ტერმინოლოგია), სამზარეულოს მართვის გამოცდილება.

ტრენინგი 10-დან 14 ივლისის ჩათვლით თბილისში ჩატარდება. მონაწილეობა, უფასოა.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგს ჯამში 16 ადამიანი გაივლის.

ქეთი კვიჭიძის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში ბოლოს შეირჩევა 2 შეფი-ტრენერი, რომლებიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებს ანალოგიურ ტრენინგებს.

რაც შეეხება გასტრონომიულ სკოლას, რომლისთვისაც მზადება მიმდინარეობს, ქეთი კვიჭიძის თქმით, გურჯაანში 2023 წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

„სკოლის მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. სკოლა კავკასიის უნივერსიტეტსა და ბასკეთის კულინარიის ცენტრთან ერთად დაფუძნდება. ეს სკოლა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიოში ასეთი სულ 3 სკოლაა, მათ შორის ერთ-ერთია ბასკეთის კულინარიული ცენტრი“, - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.

ქეთი კვიჭიძე აქვე ამბობს, რომ საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის მიმართ დაინტერესება დღითიდღე იზრდება.

„ჩვენი გასტრონომია საინტერესოა, მრავაფელროვანი, გემრიელი, თან ავთენტურობა აქვს შენარჩუნებული. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ღვინო. გასტრონომია და ღვინო ფაქტობრივად ერთმანეთთან სინთეზშია. ის, ქვეყნები, სადაც ღვინოა განვითარებული, მაგალითად ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, იქ გასტრონომიაც უფრო მეტად არის განვითარებული. ჩვენი გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესება პირველ რიგში მეზობელი ქვეყნებიდან არის, რადგან ისინი უფრო კარგად იცნობენ საქართველოს, დაინტერესებაა ევროპის ქვეყნებიდანაც, ასევე იაპონია, ჩინეთიდან“, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

Businesspartner