თბილისში პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრი იხსნება
1 ნოემბერს თბილისში ფსიქოთერაპილი დახმარების ცენტრი – „პომელის ცენტრი“ გაიხსნება.
როგორც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ნინო მენაღარიშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, ცენტრში იმ გამოცდილებას დანერგავს, რომელიც საფრანგეთში ამ სფეროში 21-წლიანი საქმიანობის პერიოდში დაუგროვდა. ცენტრის სახელწოდებაც ფრანგი ფსიქიატრის ფილიპ პომელის სახელს უკავშირდება.
ცენტრის დამფუძნებელია ასევე გიორგი ბოკუჩავა, რომელსაც მართვის, მენეჯმენტისა და განვითარებაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ნინო მენაღარიშვილის განმარტებით, ცენტრი ორი მიმართულებით იმუშავებს, ესაა კონსულტაცია და ტრენინგები, რომელშიც ფრანგი სპეციალისტებიც იქნებიან ჩართულები. ცენტრი მსურველებს შესთავაზებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიებს, ის გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე და ნებისმიერი ხარისხის პრობლემის გამოსწორებაზე – დაწყებული ნევროზით, შფოთვებით, დამთავრებული მძიმე ფსიქიატრიული პათოლოგიებით – შიზოფრენიითა და ფსიქოზებით.
ნინო მენაღარიშვილის განცხადებით, ცენტრის მიზანია სწორი დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, რათა ადამიანებმა, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ცხოვრებასი ადგილი არ დაკარგონ.
ამასთან, ცენტრის დამფუძნებლის თქმით, უნდა შეიცვალოს ფსიქიატრიისადმი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაბატონებული მიდგომა, რომელიც ადამიანის დასჯაზეა ორიენტირებული. მისივე განცხადებით, შესაცვლელია საზოგადოებაში ამ საკითხისადმი არსებული სტიგმა, რადგან მკურნალობა და რეაბილიტაცია გულისხმობს არა მხოლოდ მედიკამენტების გამოყენებას, არამედ ხედვის შეცვლასაც.
ნინო მენაღარიშვილის განცხადებით, მათთან იმუშავებს როგორც ქოლცენტრი, ისე ფეისბუქ-გვერდი, ასევე მობილური ჯგუფები, რათა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ გამოცხადდება თერაპიაზე, ან სპეციალისტები სუიციდის რისკებს გამოავლენენ, თავად მოიძიონ პიროვნება უშუალოდ ან ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით.
ნინო მენაღარიშვილი განმარტავს, რომ „პომელის ცენტრი“ ადამიანებს პრობლემების პრევენციაშიც დაეხმარებიან, რაც გართულებებსა და სტაციონარში მოხვედრას აგვარიდებს თავიდან. ეს კი, თავის მხრივ, ფინანსური ხარჯების ეკონომიასაც გულისხმობს.