ტურიზმი
18/11/2020

"მგზავრები" ბაკურიანსა და გუდაურში დამსვენებლებს განახევრებული ფასით უმასპინძლებს

ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნის თარიღი კლიმატურ პირობებსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ  ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა, ამასთან, მიმდინარეობს კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით და გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება.

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა რა მოლოდინები აქვთ ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებს. როგორც სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს როგორც ბაკურიანის, ისე გუდაურის ლოკაციაზე, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ტურისტების აქტივობა იმ რაოდენობით იქნება, რაც გასულ წლებში იყო, არ არის.

„განსაკუთრებით რთული სიტუაციაა გუდაურში, რადგან ის უცხოელებზე უფროა გათვლილი, ვიდრე ადგილობრივ მომხმარებელზე. შესაბამისად, თუ საზღვრები არ გაიხსნა, დატვირთვა მინიმალური იქნება. რაც შეეხება ბაკურიანს, ეს უფრო საქართველოზე გათვლილი კურორტია, შესაბამისად, ბევრად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს,“ - აცხადებს მადლენა მანუსაჩიანი.

მისი ინფორმაციით, წელს სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბაკურიანის და გუდაურის ლოკაციებზე დამსვენებლებს თითქმის განახევრებული ფასებით უმასპინძლებს.

„ფასები რეალურად თვითღირებულებამდეა, სხვა გამოსავალი არ არის. დახურვას ასე გვირჩევნია. წელს მოგებაზე საუბარი ზედმეტია. ისიც საკითხავია, კომპანია ამ ფასებით საკუთარ თავს შეინახავს თუ მინუსზე გავა. ესეც დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რა ტიპის შეზღუდვები იქნება,“ - აცხადებს მადლენა მანუსაჩიანი.

როგორც "მგზავრების“ დირექტორის მოადგილე განმარტავს, ინტერესი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 80%-ითაა შემცირებული. ამჟამად სასტუმრო დაკეტილია, არ არის ჯავშნებიც.

„სავარაუდოდ, გავიხსნებით 25 დეკემბრისთვის, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა საბაგიროების ნაწილი. თუ არც თოვლი მოვიდა, არც სეზონი დაიწყო და არც საბაგიროები გახსნეს, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს გახსნას, ალბათ აზრი არ ექნება და შეიძლება არც გავხსნათ. ცოტა გაურკვეველი ვითარებაა,“ - აცხადებს მადლენა მანუსაჩიანი.