ტურიზმი
10/05/2022

სასტუმრო "როიალ ბატონი" ამ დრომდე დახურულია

სასტუმრო “როიალ ბატონი“  ამ ეტაპზე ისევ დახურულია.  ობიექტი პანდემიის პერიოდში დაიხურა და დღემდე უცნობია როდიდან განაახლებს მუშაობას.

მაშინ სასტუმროს მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ადმინისტრაცია პანდემიის პერიოდს გაფართოებისთვის გამოიყენებდა.

დღეს „როიალ ბატონის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ინფორმაციას არ ფლობენ არც ყვარლის მუნიციპალიტეტში. როგორც მერი გივი ზაუტაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საუბარია კერძო საკუთრებაზე, რომელიც შეხებაში არ არის ადგილობრივ მუნიციპალიტეთან.

„მესაკუთრეს კითხეთ, როგორც ვიცი სასტუმროს მფლობელი 2-3-ჯერ შეიცვალა. რატომ არის დახურული, როდის აპირებენ გახსნას ან თუ აპირებენ საერთოდ, ამის შესახებ  ინფორმაცია არ  მაქვს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია არ გვაქვს,“ - აცხადებს ზაუტაშვილი.

შპს „როიალ ბატონი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.

„როიალ ბატონი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მის ძირითად საქმიანობას სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება წარმოადგენს.

ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „როიალ ბატონის“ აქტივები 1.7 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 516 ათასი ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 323 ათასი ლარის.