საბა კიკნაძე: რუსეთთან უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს
Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
მისი განმარტებით, მთავრობამ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების გადმოსვლა.
„ვიზის გაცემის მომენტში, ადგილებზე შესაძლებელი იქნებოდა იმ ხალხის წარმომავლობის და ინტერესების ნახვა, რომელთაც საქართველოში შემოსვლა უნდათ. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს, თუმცა, გასათვალსიწინებელია ქართველი მოქალაქეებიც, რომლებსაც რუსული პასპორტი აქვთ.
გარდა ამისა, შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კანონით ოკუპაციის შესახებ და ქვეყანაში არ შემოუშვათ ის პირი, რომელსაც საქართველოს კონტროლის გარეშე გადაკვეთილი აქვს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი," - აღნიშნავს საბა კიკნაძე.
მიმართეს თუ არა Caucasus Travel-ს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილით, კიკნაძე აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან რუსები ინდივიდუალურად ცდილობენ საცხოვრებელი მოიძიონ. მისი თქმით, Caucasus Travel-ის სეგმენტი რუსეთი ისედაც არასდროს ყოფილა და ამ ქვეყნიდან ტურისტები კომპანიას მცირე რაოდენობით ჰყავდა.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეცხრე დღეა ომია. კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გააქტიურდა სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ.