ბიზნესი
04/03/2022

მარიამ ასათიანი: საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა უნდა აიკრძალოს

კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ  ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული და  გააქტიურებული სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ, ეს საფრთხილოა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ის ბერკეტი, რითიც შეეძლება გაანეიტრალოს ის საფრთხე, რასაც შეიძლება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ან მათი მხრიდან უძრავი ქონების შეძენა  შეიცავდეს. როგორც ასათიანი აცხადებს, ეს ბერკეტი დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში შემოსულმა რუსებმა უარი თქვან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.

„ეს საკითხი გახდა ძალიან აქტუალური ბევრი მოქალაქისთვის, სხვადასხვა ბიზნესისთვის, ყველასთვის შესამჩნევია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ემზადება საქართველოში ჩამოსასვლელად და რუსეთში საქართველოს განიხილავენ საქართველოს როგორც ერთ-ერთ ან ერთადერთ ქვეყანას, სადაც შეიძლება თავი შეაფარონ. რეალურად, ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან არ დამინახავს,“-აცხადებს ასათიანი.

მისივე განცხადებით, „რემაქს კაპიტალს“ აქვს დაკვეთები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებსაც მოსკოვიდან ოფისები გადმოაქვთ თბილისში და გადმოჰყავთ თავიანთი თანამშრომლები,სჭირდებათ ოფისები და ბინები ქირით.

„ეს არის თავიანთი თანამშრომლების, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსების, გამოყვანის მცდელობა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. გვიყვებიან, რომ თანამშრომლების ნაწილი დაჭერილი ყავთ ომის საწინააღმდეგო მიტინგზე გასვლის გამო.

რაღაც ახალი რეალობა გვიჩნდება. მოსალოდნელია ლტოლვილები არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდანაც. რაღაც მონიტორინგია საჭირო! რა სტრატეგია აქვს ქვეყანას? ამ კომპანიების საიტებს ვსწავლობ, რომ რაღაც ელემენტარული ფილტრი გვქონდეს ვის ვასახლებთ და ვაბინავებთ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია… არადა ამ ხალხსაც შველა სჭირდება, 15-15 წელი მიუსჯიათ საპროტესტო მიტინგზე ვინც დააკავეს, 5-7 წლის ბავშვები დაიჭირეს.

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ჩვენ უძრავ ქონებას არ ვასხვისებთ რუსეთის მოქალაქეებზე და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს სჭირდება სპეციალური რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რუსეთიდან ხალხის შემოდინებას რა სტრატეგიით ვხვდებით?,“-აცხადებს ასათიანი.

მისივე განცხადებით,  მნიშვნელოვანია  საქართველოს მთავრობამ მიიღოს კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთის მოქალაქეებზე  (რუსეთის პასპორტის მქონე პირზე) უძრავი ქონების გაყიდვას. ეს უნდა მოხდეს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

„ჩვენ ვართ ძალიან მცირერიცხოვანი ერი,შეიძლება ერთი იმდენი ადამიანი ჩამოვიდეს რუსეთიდან, რომლებიც მოინდომებენ უძრავი ქონების შეძენას. შესაბამისად,ეს ზრდის იმის რისკს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დადგეს ის რეალობა, რომ რუსეთის მოქალაქეები ფლობდნენ წილობრივად საკმაოდ დიდ უძრავ ქონებას საქართველოში. საკუთრების უფლება კი გარკვეულ უპირატესობას აძლევს უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში შემოდის. მათ შემდეგ ბინადრობის მოწმობის აღება შეუძლიათ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ უკვე დღეს იქნება მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე განცხადება გაკეთებული, იმასთან დაკავშირებით, რომ გაკონტროლდეს საზღვარი,“-აცხადებს ასათიანი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეცხრე  დღეა ომია.