რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში გამარტივებული წესით შემოსვლას
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიდანაც საქართველოში შემოსვლას გამარტივებული წესებით შეძლებენ გაფართოვდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნა იწყება. ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდანვე განაახლებენ სტუმრების მიღებას ზამთრის კურორტებზე სასტუმროები, თუმცა საბაგიეროები 8 მარტიდან გაიხსნება. ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში, ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან. ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1-ელი მარტიდან განაახლებენ საქმიანობას. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშს 15 მარტიდან განაახლებენ. თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.
ასევე სავაჭრო მოლებს და ბაზრობებს შაბათ-კვირის შეზღუდვები 8 მარტიდან მოეხსნებათ