ტურიზმი
01/02/2022

ომიკრონის გავრცელებამ და ყაზახეთის კრიზისმა "ბორჯომი ლიკანს" ტურისტი შეუმცირა

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“  ამ დროისთვის დაახლოებით 35%-იანი დატვირთვით მუშაობს. მიზეზი კორონავირუსის პანდემია და ყაზახეთში არსებული პოლიტიკური კრიზისია.

როგორც სასტუმროს ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს, ახალი წლის პერიოდში სასტუმრომ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავა, სტუმრები იყვნენ როგორც ყაზახეთიდან, ისე ევროპიდან და გალფის ქვეყნებიდან.

„15 იანვრიდან, როგორც კი ქვეყანაში ომიკრონის შტამი გააქტიურდა, სტუმრების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი ყაზახთიდან არის, შესაბამისად, როდესაც აღნიშნულ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა  გაუარესდა, იკლო ნაკადმაც, გაუქმდა ჯავშნებიც, მათ შორის, კორპორაციული ღონისძიებებიც,“ - აცხადებს ნადარეიშვილი.

„ბორჯომი ლიკანი“ სტუმრების გააქტიურებას მარტიდან ელოდება.

კითხვაზე, უღირს თუ არა ამ პირობებით და ამ დატვირთვით სასტუმროს მუშაობა, ნადარეიშვილი აცხადებს, რომ შემოსავლები მოგებაზე გასვლის საშუალებას არ იძლევა. „წინასწარი მონაცემებით, უახლოესი ორი თვე ხარჯების დაფარვაც კი გაგვიჭირდება,“ - აცხადებს ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით 2022 წლის 5 იანვარს გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.