მსოფლიო
05/01/2022

ყაზახეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გამო გადადგა

ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

„მთავრობისა და სამხედრო ოფისების თავდასხმაზე მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა. ხელისუფლება არ დაეცემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ურთიერთნდობა, დიალოგი და არა - კონფლიქტი“, - განაცხადა თოყაევმა რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა. შედეგად, 1 ლიტრის ფასი 120 ტენგე (28 ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს (11 ცენტი), ანუ საბაზრო ფასის ნახევრის დადგენას.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, მოგვიანებით კი შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

 

Businesspartner