მესტიის მერი: შიდა გზებს ეტაპობრივად ვაკეთებთ, ტურისტების მისაღებად კი მზად ვართ
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და განმარტავს, რომ ორ დღეში რეგიონში ორი ახალი სასტუმრო იხსნება.
მისი თქმით, ადგილობრივმა ბიზნესმა ყველაფერი გააკეთა, რომ პანდემიის გამო კერძო სექტორი არ გაჩერებულიყო.
კახა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ დღეს სვანეთში 100-ზე მეტი ბიზნესია, რომლებსაც მილიონობით სესხი აქვთ აღებული და მუშაობენ. თუ გასულ წელს მესტიაში 700 საოჯახო სასტუმრო იყო, წელს ტურისტებს 900-მდე ობიექტი უმასპინძლებს.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, სიახლეა ის, რომ თუ ადრე სვანეთის მოსახლეობისვის შემოსავლის წყარო მესაქონლეობა და ტურიზმი იყო, ახლა ამ ნუსხას ბიო პროდუქტების წარმოებაც მიემატა. ადგილზე იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი და ასე შემდეგ, ეს კი საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
კითხვაზე, რატომ ვერ მოგვარდა წლების განმავლობაში გადათხრილი გზების და საპირფარეშოების არ არსებობის პრობლემა, მესტიის მერი აცხადებს, რომ ჯამში რეგიონში 800 კილომეტრის შიდა გზაა. შესაბამისად, მისი მოვლა-პატრონობისთვის 800 მილიონი ლარია საჭირო, რაც მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.
„მესტიაში მიმდინარეობს გზების მშენებლობა, საუბარია ჯამში 15 მლნ-იან პროქტებზე. გზა იყო, თუმცა, ახლა ბეტონის გზას ვაკეთებთ. 800 კილომეტრს ეტაპობრივად გავაკეთებთ, ერთიანად ამის საშუალება არ არის. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს 24 საათიანი წყალმომარაგება, გამოიცვალოს და მოეწყოს წყალგაყვანილობების სისტემები. ახლა სვანეთს წყალი მხოლოდ კუსტარული წესით აქვს,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.
მესტიის მერი აცხადებს, რომ მოგვარებულია ნარჩენების გატანის პრობლემაც. მისი თქმით, მიმდინარე წელს დასუფთავების ბიუჯეტი 1.2 მილიონი ლარია, მაშინ, როდესაც წლების წინ ეს მაჩვენებელი ბევრად მცირე იყო. მესტიას 4 ნაგავმზიდი მანქანაც ჰყავს. შესაბამისად, დღეს მესტია მზად არის მიიღოს ტურისტი და გაუმასპინძლდეს, პრობლემა არ არის გარე განათებასთან დაკავშირებითაც.
რაც შეეხება რეგიონში ბიოტუალეტების თითქმის არ არსებობას, ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მესტიაში მსგავსი ობიექტები საერთოდ არ არსებობს, მიზეზი კი ბიზნესისთვის ხელშეწყობაა.
„თუ ტურისტი ტუალეტისთვის მაგალითად, კაფეში შევა, იქ მინიმუმ ყავას მაინც დალევს. ამით ჩვენ ბიზნესს ხელს ვუწყობთ,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპარტნიორთან“ სვანეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო „რატისონის“ თანამფლობელმა ციცინო რატიანმა განაცხადა, რომ მესტია საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ იქ არსებული პრობლემები დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ჩასულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც.