ამორტიზებული შიდა გზები, ჩაბნელებული ჩიხები - მესტიის სასტუმრო "რატისონი" ტურისტულ სეზონზე
ამორტიზებული შიდა გზები, ჩაბნელებული ჩიხები, ბიოტუალეტების სიმცირე, გასართობი ობიექტების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მესტიაში წლებია ვერ მოგვარდა.
კურორტზე არსებული საოჯახო სასტუმრო „რატისონის“ თანამფლობელი ციცინო რატიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მესტიაში განათებულია მხოლოდ ცენტრალური გზა.
როგორც რატიანი აღნიშნავს, სასტუმრო „რატისონი“ გახსნილია, თუმცა ამ დროისთვის არც ადგილობრივი და არც უცხოელი ტურისტი არ ჰყავს. ამ დროისთვის არის მხოლოდ ერთი ჯავშანი. შესაბამისად, გაურკვეველია როგორი იქნება წლევანდელი სეზონი, რომელიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული,მათ შორის,ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე...
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჯავშანი, სკოლიდან ექსკურსიაზე უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ჯავშანი გააუქმეს. პანდემიამდე, 2018-2019 წლებში აქტიური პერიოდი იყო, ზაფხულის ამ დროს სასტუმრო სრულად გვქონდა დაჯავშნილი. ჩვენ ძველი აშენებული ქვის სახლი გვაქვს, თუმცა, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა. უცხოელებს ევრორემონტით ვერ გავაკვირვებთ, მათ უფრო ძველ სტილში სასტუმრო ურჩევნიათ. ქართველ ტურისტებს კი სხვა ინტერესები აქვთ,“ - აცხადებს რატიანი.
მისი განცხადებით, მესტია საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ იქ არსებული პრობლემები დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ჩასულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც. მიუხედავად ამისა, თავისი უნიკალური ლანდშაფტის გამო დაბა მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.
კითხვაზე, რას ვახვედრებთ მესტიაში ჩასულ ტურისტს, რატიანი აცხადებს, რომ სვანეთი ტურისტების მისაღებად მზად არ არის.
„ნაგვის ურნები არის, თუმცა ბიოტუალეტები თითქმის არ არსებობს. ერთი არის მესტიის ცენტრში და როგორც ამბობენ, იქაც საშინელი ანტისანიტარიაა. რაც შეეხება გასართობ ობიექტებს, არაფერი არის, მხოლოდ ცენტრში ფუნქციონირებს პარკი, სადაც ყველაფერი ერთად არის მოქცეული, მათ შორის, პატარა საბავშვო მოედანი, სავარჯიშო მოედანი, მაშინ როდესაც დაახლოებით 500 მეტრში არის მოედანი, რომელიც გაპარტახებულია. სვანეთს ყურადღება არ ექცევა და გულდაწყვეტილი ვარ - ასეთ პირობებს რომ უცხოელი ნახავს, მეორე წელს აქ ჩამოსვლის სურვილიც კი არ ექნება.
რაც შეეხება გზებს, აეროპორტის გზა გაკეთებულია, მაგრამ ამის წინ ნაგავსაყრელია გაკეთებული, მთელი სოფლის ნაგავი იქ გროვდება,“ - აცხადებს რატიანი.
სასტუმრო „რატისონის“ თანამფლობელი „ბიზნესპარნტიორთან“ კურორტზე არსებულ მაღალ ფასებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მაღაზიების ნაწილი ქართველებზე პროდუქციას სხვა ფასად ყიდიან, უცხოელებზე კი - გაზრდილ ფასებში.
„ამის გამო, სასურსათო პროდუქტებს ფასები არ აწერია, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი,“ - აცხადებს რატიანი.