ტურიზმი
15/06/2022

Melaanian Vintage: ვიზიტორების ინტენსივობამ მოლოდინს გადააჭარბა

ეკოტურისული მეურნეობა Melaanian Vintage კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. 

"პოტენციური სტუმრების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. დაინტერესება დიდია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან," – ამბობს Melaanian Vintage-ის დამფუძნებელი თეო თაბორიძე.  

მისივე თქმით, ტურიზმის სწორი განვითარება მრავალფეროვან სერვისებზეა დამოკიდებული, სტუმარს მიაწოდო მაქსიმუმი და შესაბამისად მეტი სარგებელიც მიიღო.

"ჩვენმა რამდენიმე წლიანმა დაუღალავმა შრომამ, პარტნიორების მიზნობრივი ასოციაციების წევრობამ ახალი სეგმენტი MICE ტურიზმიც გამოკვეთა, რადგან ასე განსხვავებულ მომსახურებებს ვთავაზობთ და მით უმეტეს ეკოლოგიურ პროდუქტებს ვაწვდით საზოგადოებას, ვზრუნავთ გარემოზე, ხშირია კონფერენციის ტიპის შეხვედრებიც ჩვენთან.

მიმართულების ინტერესმა ასევე დღის წესრიგში დააყენა ცალკე სივრცის მოწყობა, რაც სამომავლო აქტივობად დავისახეთ, გვექნება ცალკე საკონფერენციო სივრცე ტრენინგების შეხვედრებისა და თიმბილდინგისთვის," – ამბობს თეო თაბორიძე.

ეკოტურისტული მეურნეობა Melaanian Vintage დივერსიფიცირებული სერვისების გათვალისწინებით რამდენიმე ტურისტულ სექტორზე გადის, ესენია: ეკო, აგრო და გასტრო ტურისტული მიმართულოება. რაც შეეხება, საფასო პოლიტიკას Melaanian vintage–ში ორადგილიანი ნომერი საუზმით 130 ლარი ღირს, ასევე კომპლექსში განთავსებულია 3 და 4 ადგილიანი ნომერი.

"ჩვენი ფასები საკმაოდ მისაღებია ბაზრისთვის. ვმასპინძლობთ დიდ ტურისტულ ჯგუფებსაც 20-25 პერსონაზე. ადგილობრივები ძირითადად შაბათ–კვირას გვსტუმრობენ და საინტერესოდ ატარებენ ვიქენდს. გეგმავენ დაბადების დღეებს, მეგიბრების შეკრებებს და ასე შემდეგ.

ვიზიტორების ინტენსივობამ მოლოდინს გადააჭარბა, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩაის ტურით დაინტერესებული ადამიანები ღამისთევითაც სარგებლობენ და დანარჩენი სერვისებითაც. ვფიქრობ, ეს სეზონი საინტერესო და შედეგიანი იქნება. რაც შეეხება სიახლეებს, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგა საჭიროება გავზარდოთ წარმოება და უახლოეს პერიოდში ჩვენი დღის წესრიგი სწორედ ამ კუთხითაა დატვირთული, შევაგროვოთ ნედლეული და მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად დავაკმაყოფილოთ პროდუქტზე მოთხოვნა," – ამბობს Melaanian vintage–ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Melaanian vintage საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმროა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში მდებარეობს და რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.