ტურიზმი
09/04/2021

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება

ტურისტული კომპლექსი Melaanian Vintage მაისში სტუმრების მისაღებად ემზადება.

საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში მდებარეობს, რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.  

Melaanian Vintage-ის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნორთან“ აცხადებს, რომ მთავარი მიზანი, დამსვენებლებისთვის კახეთის უცნობი მხარის, გარემოს, სამზარეულოსა და წესების გაცნობაა, რასაც ხელს უწყობს მელაანის ადგილმდებარეობა და მთის სტატუსი. 

„ჩვენთან მოსულ სტუმარს ეკომეგობრული გარემო დახვდება, მაგალითად, ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ქვა. გარდა ამისა, მომსახურებებიც პირდაპირ დაკავშირებულოა ეკოტურიზმთან, იქნება ეს ადგილობრივი სამზარეულო თუ სხვა. სოფლის ირგვლივ არის ლაკბეს ხეობა, სადაც გვხვდება რამდენიმე ტბა, ვულკანური  წარმოშობის ტალახის კერა, რომელიც საინტერესეოა სანახაობრივად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მონიშნული გვაქვს ტურისტული ბილიკი, სადაც როგორც საფეხმავლო ასევე საცხენოსნო და ველო ტურებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს.

Melaanian Vintage–მა ახლახანს, „აწარმოე საქართველოს“ 17 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც სასტუმროს კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, სამზარეულოსა და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება. საოჯახო სასტუმროში ამ ეტაპზე 4 ნომერია, რომელშიც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროს უკან არის კულტურული ძეგლები, ეკლესიები და საფეხმავლო ბილიკი.

„ინტერიერზე აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გვაქვს შექმნილი, სწორედ პატარა დეტალები ქმნის ვინტაჟურ გარემოს და ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ვიქნებით ბაზარზე. ჯერ არ გავხსნილვართ, თუმცა აქტიურობა და ინტერესი დიდია, ისევე როგორც ჩვენი სამზადისი სტუმრებთან შესახვედრად.

დიდი მოწონებით სარგებლობს, ჩვენი ბიონატურალური ჩაის ხაზი, რომელიც პანდემიური წლის გადატანაში დაგვეხმარა. ველური ჩაის ნედლეულის მოპოვება ადგილობრივად ხდება, Melaanian Vintage ბრენდის ქვეშ იწარმოება და იყიდება soflidan.ge-ზე. გვაქვს ასკილის კოკრების, ბარამბოს და სხვა კომპოზიციების ჩაი.  20-50გრ-იანი შეფუთვების ფასი 13-15 ლარამდე მერყეობს. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაზრდას, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩაი, არამედ ჩირი, ჩურჩხელა, კენკრის ასორტი და ა.შ. ასევე გვაქვს რქაწითელი, საფერავი, საკუთარი ყანები, სადაც ხორბალს თავად ვაწარმოებთ. შესაბამისად, ყველაფერი რაც შეთავაზებული იქნება მომხმარებლისთვის არის ადგილობრივი და ნატურალური," – აღნიშნავს თეონა თაბორიძე.