ტურიზმი
19/05/2021

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ

დაცული ტერიტორიების კანიონებსა და მღვიმეებში ვიზიტორების მიღება ჯერ კიდევ შეჩერებულია.

როგორც “ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, საუბარია მარტვილის კანიონზე, ოკაცეს ჩანჩქერზე, ოკაცეს კანიონზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე.

მათი თქმით, 93 დაცული ტერიტორიიდან მხოლოდ აღნიშნულ 5 ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ვიზიტორები. მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაა.

“სწორედ ამ ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ვიზიტორები დაიშვებიან იმ დაცულ ტერიტორიებზე, ეროვნულ პარკებში, სადაც გაშლილი სივრცეა და პანდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, ვიზიტორები დაიშვებიან რეკომენდაციების დაცვით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, როდის გაიხსნება კანიონები და მღვიმეები, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ უმოკლეს დროში ყველა ტერიტორია უმასპინძლებს ვიზიტორებს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიებზე დასაშვები ბილეთის ფასის ზრდა არ იგეგმება.

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ტუროპერატორთა ასოციაცია კი, კანიონების გახსნას ითხოვს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, ზაფხული ტურიზმისთვის აქტიური სეზონია, შესაბამისად, როდესაც ტურისტები საქართველოში შემოდიან, მათ სანახაობრივი ადგილები ღია უნდა დახვდეთ.