ტურიზმი
18/05/2021

ტუროპერატორთა ასოციაცია კანიონების გახსნას ითხოვს

ტუროპერატორთა ასოციაცია კანიონების გახსნას ითხოვს. 

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კანიონები ღია სივრცეა, შესაბამისად წესების დაცვით შესაძლებელია მათი გახსნა. 

მისი თქმით, ზაფხული ტურიზმისთვის აქტიური სეზონია, შესაბამისად, როდესაც ტურისტები საქართველოში შემოდიან, მათ სანახაობრივი ადგილები ღია უნდა დახვდეთ. 

“კანიონები რეგიონებში ერთ-ერთი მთავარი სანახავი ადგილია. შეიძლება პირობითად პრომეთეს მღვიმე დახურული სივრცეა და იქ ბევრი ხალხის ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ კანიონი ღია სივრცეა და მისი გახსნა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანია. ბევრი რამ არის გასახსნელი. ზაფხულში, როდესაც ინტენსიური სეზონი იქნება, თუნდაც სვანეთში საბაგიროები ხომ უნდა გაიხსნას? იქ ხალხი ჩადიოდა, რადგან საბაგიროთი ასულიყო მთაზე და იქიდან გადმოეხედა. ეს ყველაფერი თუ არ ამუშავდა, რას ვახვედრებთ ტურისტებს?!“- აღნიშნა ია თაბაგარმა. 

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეგულაციების ნაწილი 17 მაისიდან შემსუბუქდა. გადაადგილების შეზღუდვის დრომ 21:00-დან 23:00 საათამდე გადაიწია. გარდა ამისა, 22 მაისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. ამავდროულად სასტუმროში არსებული რესტორნებისთვის გახანგრძილვდა სამუშაო პერიოდი - 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ხელს შეუწყობს ტურიზმის გააქტიურებას და ეკონომიკის გამოცოცხლებას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახმელეთო საზღვრებზე კვლავოინდებურად შეზღუდვა ვრცელდება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ რეგულაციის მოხსნა გარღვევა იქნება ტურიზმის სექტორში. მისივე განმარტებით, მთავრობა ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ უკვე დაანონსა რეგულაციების დამატებითი შემსუბუქების შესახებ 1-ელი ივნისიდან.