Discover Georgia: რეგულაციების შემსუბუქება კერძო სექტორისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია
ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს.
ნინა კეკელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტირია აღდგენის ეტაპზეა და როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში.
"ბევრი სასიკეთო ტენდენცია შეინიშნება ტურიზმის სექტორში, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო საზღვრის კვეთის მიმართულებით, რომელიც დადებითად აისახება ინდუსტრიაზე.
რაც შეეხება შემსუბუქებულ რეგულაციებს, პანდემიის დროს ტურიზმი ჟაჭვურ კავშირში იყო ჯანდაცვასთან, შესაბამისად, მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოების შემდეგ იყო შესაძლებელი ტურისტული მიმოსვლა, საერთაშორისო ვიზიტები და ა.შ. ვფიქრობ, რეგულაციების შემსუბუქება ეკონომიკისთვის და კერძო სექტორისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან შეზღუდვები ხელ–ფეხს გვიკრავდა სამუშაო ასპარეზის ნაწილში.
ამასთან, ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში კვლავ მძვინვარებს პანდემია და ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მუდმივი მონიტორინგი, ამავდროულად ქვეყნის სტატუსის გაუმჯობესება და წითელი სტატუსიდან მწვანეზე გადასვლა, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო ვიზიტორიების შემოდინებაზე," – ამბობს ნინა კეკელიძე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის და ტურიზმის სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა და აღდგენითი დინამიკის გაძლიერება, ქვეყანაზე საერთო ჯამში ძალიან კარგად აისახება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, პანდემიამდელი გამოწვევები და ამ გამოწვევებზე მუშაობა, ეს ეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, სერვისების გაუმჯობესებას, განათლებას ტურიზმში და ადამიანურ რესურსის დეფიციტს, რომელიც დღესაც პრობლემას წარმოადგენს.
ინფორმაციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარტიდან საზღვრის კვეთის რეგულაციები შემსუბუქდება, ასევე მთელი რიგი შეზრუდვები მოიხსნა HoReCa სექტორზე.