ტურიზმი
21/02/2022

$120 მლნ-იანი "პარაგრაფ თბილისი“ წელს გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე, უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის  ბრენდის „პარაგრაფ თბილისი“ წელს გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, მარიოტის უმაღლესი კლასის  სასტუმროში ამჟამად დასკვნითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაცით, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 120 მლნ დოლარია.

სასტუმროს გახსნა 2021 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც ფონდში განმარტავენ, პროექტის დასრულების და გახსნის ვადები  მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა.

„ბოლო 2 წელი ბიზნესისთვის საკმაო სირთულეებით იყო აღსავსე, განსაკუთრებით შემცირდა თბილისში მდებარე სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებულმა ეპიდსიტუაციამ გავლენა მოახდინა უცხოელ კონტრაქტორებზეც, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა მასალების მიწოდების ვადები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ვადებზე,“-აცხადებენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

„პარაგრაფ თბილისში“ იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები,  სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს.

პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და  თაბორის მთაზე  არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს.

 პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr). მნიშვნელოვანია, რომ 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.