ტურიზმი
21/02/2022

"პარაგრაფ თაბორი" და გოლფ კლუბი 2023 წელს გაიხსნება

თაბორის მთაზე, “პარაგრაფ თაბორი“  და გოლფ კლუბი 2023 წელს გაიხსნება.

როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, გახსნის ვადა დამოკიდებული იქნება ტურისტული ნაკადების აღდგენაზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეპიდვითარებაზე როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ.

„პროექტის ძირითადი სამიზნე სეგმენტი უცხოელი ტურისტებია, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეუფერხებლად აღდგეს საჰაერო მიმოსვლა, რათა ვუმასპინძლოთ გოლფის მოყვარულებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან,“ - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.

რაც შეეხება ინვესტიციას, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, პროექტის ინვესტიციის მოცულობა 128 მლნ დოლარია.

შეგახსნებთ, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური 402 009 კვ.მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული.

რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 177 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია.

პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით დაუკავშირდება  სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“. პროექტის დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr). 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

თაბორის მთაზე, სასტურო და გოლფ კლუბის მშენებლობის დასრულება 2022 წლის პირველ კვარტალში იყო დაანონსებული.