საზოგადოება
22/12/2021

თამარ გაბუნია: "ომიკრონი" ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და სწრაფად ვრცელდება

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", სხვა შტამებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინკუბაციის პერიოდი 14 დღიდან 3 დღემდეა შემცირებული. 

მისი თქმით, "ომიკრონი" უფრო მეტად 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. 

"ომიკრონი" ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. შესაძლებელია მისი გავრცელება ბავშვებშიც. ამ დროის მონაცემებით, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა აქვს. თუმცა არ არის გამორიცხული, დადგეს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და არასახარბიელო გამოსავალიც", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევა დადასტურდა. უმეტესობა ვაქცინირებულია, შესაბამისად ინფექციას მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. 

"დღეს არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ის ვაქცინები, რაც გვაქვს, ისევ ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის, დამძიმების და ლეტალური გამოსავლების თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ჯანმო ბუსტერდოზაზე გასცემს რეკომენდაციას, რადგან ის იმუნიტეტს აძლიერებს. 

ხვალ იგეგმება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ბუსტერდოზის ჩატარების ვადა კიდევ შემცირდეს.  

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ბუსტერდოზის ვადა 6 თვიდან 5 თვემდე შემცირდა.