საზოგადოება
01/12/2021

"შემუშავდება აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების სისტემა"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ადრეული და სკოლამდელი განათლება მთავრობისთვის პრიორიტეტია. 

მისი თქმით, 2022-2030 წლებში ეტაპობრივად მოხდება ბაღების ავტორიზაცია, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მუნიციპალიტეტების ჩართულობით განახორციელებს. აგრეთვე იგეგმება აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება.

"შემუშავებულია და ინერგება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები, რომლის მონიტორინგიც აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წელს სისტემაში პირველად დავიწყეთ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა. დაწყებულია განმავითარებელი და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება. ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში უკვე დაწყებულია პროგრამის პილოტირება. მიმდინარეობს მუნიციპალურ დონეზე შესაძლებლობებისა და მზაობის კვლევა მომავალში ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დანერგვის მიზნით. ვაძლიერებთ მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებში. ასევე საბავშვო ბაღებს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

პირველად სისტემაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, განახორციელებს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას და მათ ეტაპობრივ ავტორიზაციას 2022-2030 წლებში. 7 სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, სადაც მომზადდებიან აღმზრდელი პედაგოგები, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.

დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება. ახალი თაობის აღმზრდელ პედაგოგებს დახვდებათ განახლებული სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების მოქნილი სისტემა. ვითარდება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.