საზოგადოება
25/11/2021

როდიდან დაიწყება და რა ეტაპების გავლა მოუწევთ ბაღებს ავტორიზაციისთვის

ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2022 წელს დაიწყება. ცვლილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტით, ავტორიზაციის მიზნით გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე - ანუ ეს არის ეტაპობრივად გაწერილი პროცესი.

მოქმედი კანონმდებლობით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია მუნიციპალიტეტებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყო. განმარტებით ბარათში წერია, რომ მუნიციპალიტეტებისთვის წარმოდგენილი უფლებამოსილებების განხორციელება დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ვალდებულებების გადავადების საკითხი.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოხდება მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციური გამოცდილების დაგროვება და მათი გაძლიერება, რაც ბაღების ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.

„ეს არის ეტაპობრივად გაწერილი პროცესი, რომელიც გულისხმობს სიღრმისეულ რეფორმას. 2022 წლიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად არის გაწერილი საფეხურები, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტები მოვამზადოთ, რათა მათ ინსტიტუციური გამოცდილება დაუგროვდეთ, გავაძლიეროთ ისინი, რადგან ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ბაღების ავტორიზაციის, აგრეთვე მისი შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით.

2022 წლის 1-ელ ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის მიზნით. დაწესებულებებმა კი, სტატუსის მოპოვების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე.

რეგისტრირებული დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად.

თვითშეფასების ანალიზის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინადადების საფუძველზე, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება რეგისტრირებული დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის გრაფიკი. 

დაწესებულება, რომელიც 2024 წლის 1-ელ იანვრამდე არ წარადგენს თვითშეფასებას ან დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, გაუუქმდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება.

დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1-ელ ივლისამდე არ საქმიანობდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და სურს სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში, ავტორიზაციის პროცედურას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. იგივე წესი გავრცელდება, ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ხელახალი განაცხადის წარდგენის ან განსაზღვრულ შემთხვევებში საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაში.

ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის წევრებს განათლების სამინისტროს წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობა არ იქნება ანაზღაურებადი. ავტორიზაციის საბჭო მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ავტორიზაციის მინიჭების შესახებ; ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; ავტორიზაციის შეჩერების შესახებ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გარდამავალ პერიოდში ასევე ვალდებული იქნება, დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ავტორიზაცია შეეხება როგორც საქართველოში არსებულ 1647 საჯარო ბაღს, რომელიც 158 062 ბავშვს უწევს მომსახურებას, ასევე იმ კერძო ბაგა-ბაღებს, რომლებსაც ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი არ გააჩნიათ და დარჩენილი არიან საგანმანათლებლო რეგულირების მიღმა.

"საჯარო ბაღები სახელმწიფოსგან ვაუჩერს იღებენ, მაგრამ ვაუჩერის  საკითხის განხილვა კერძო ბაღებთან მიმართებაში ვერც კი დგება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ სისტემაში მოქცეულები არ არიან და მათი ლიცენზირება არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა“, - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.

ამასთან, განმარტებით ბარათში წერია, რომ ავტორიზაციის პროცესი, როგორც საჯარო, ისე კერძო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კიდევ უფრო გააძლიერებს შემდეგ მიმართულებებს:

აღსაზრდელთა ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვას;

ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდოლოგიების გამოყენებას;

აღსაზრდელთა განვითარებაზე ორიენტურებული ფიზიკური და სოციალური გარემოს ფორმირებას;

აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესებზე ორიენტურებული აღმზრდელობითი პროცესის წარმართვას;

აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2022 წლიდან 2030 წლამდე წარმოადგენს 5 957 450 ლარს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, გიორგი ამილახვარი.