სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: საპენსიო სესხზე პროცენტის დაკლების უფლება არ გვაქვს
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა განმარტავს, რომ სებ-ს არ აქვს უფლება, კომერციულ ბანკს განუსაზღვროს, რა პროცენტში გასცეს სესხი.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს მომხმარებლის დაცვის მანდატი, მაგალითად მსესხებელს ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქტის პირობების შესახებ, რასაც ბანკში იღებს.
“ხშირად მოგვმართავენ, რომ ვალების პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ. სამწუხაროდ ყველა შემთხვევა ჩვენს ძალაუფლებაში არ ჯდება, აღემატება ხოლმე იმ საკანონმდებლო უფლებებს, რაც ჩვენთვის პარლამენტს აქვს მონიჭებული.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბანკსა და მსესხებელს შორის განვსაზღვროთ, რა პროცენტში იქნება გაცემული სესხი, ან იმ პროცენტზე ვთქვათ, შეამციროს ან გაზარდოს. ეს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება.
ჩვენ გვაქვს მომხმარებლების დაცვის მანდატი, ამის ფარგლებში ვცდილობთ, საბანკო ურთიერთობები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მსესხებელს კარგად ესმოდეს იმ პროდუქტის პირობები, რასაც იღებს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით.
წლების წინ 100 და მეტ პროცენტში გაიცემოდა საპენსიო სესხები და დღეს უკვე შედეგი სახეზეა, 100 შემცირდა 36 ეფექტურამდე.
სამწუხაროდ დამატებითი ზომები რომ გავატაროთ და პროცენტი შემცირდეს, ამ კუთხით ეროვნული ბანკის ძალაუფლებას აღემატება“,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც პენსიონერს უფლება უნდა ჰქონდეს თავად აირჩიოს რომელ ბანკში აიღებს პენსიას.
პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ ზოგადად კონკურენციას მიესალმება, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ აღნიშნული კანონპროექტი განხორციელებადი იქნება.
“კონკურენციას მივესალმებით, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ საკმარისი განხილვა იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სხვა არაპირდაპირი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ამას. არც ის ვიცი, რამდენად განხორციელებადია ეს კანონპროექტი, ამიტომ აქ დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.