პენსიონერმა თავად უნდა აირჩიოს რომელ ბანკში აიღებს პენსიას - კანონპროექტი პარლამენტში
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, რომ “ლიბერთი ბანკს“ აღარ ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე.
ცვლილება “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, პენსიონერს უფლება ექნება, თავად აირჩიოს პენსიის გაცემის საბანკო დაწესებულება. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი“ ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი, შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი“ ადგენს“. აღნიშნულ ბანკში საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-ს შეადგენს. საქართველოში კი, დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს.
ინიციატორი ასევე ამბობს, რომ „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ.
“რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას, დანაკლისით იღებენ. სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.