საზოგადოება
29/04/2022

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო

საქართველომ მოამზადა კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. კითხვარის პირველი ნაწილი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება.  

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კითხვარის პირველ ნაწილს საქართველოს მთავრობა ევროკომისიას ორშაბათს, 2 მაისს გადასცემს. 

"კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით. საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, მინისტრის თქმით, დოკუმენტის ევროპელ პარტნიორებთან გადაცემის ვადა 13 მაისია. 

"ბოლო ნაწილი, ეს არის აღნიშნული კითხვარის სექტორული ნაწილი, რომელიც უფროტექნიკური და სპეციფიურია. აღნიშნულ დოკუმენტში დაახლოებით 2300 კითხვაა. დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას და საქვეუწყებოებს. აღნიშნული დოკუმენტის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გაზიარების ვადაა 13 მაისი. მაქსიმალურად შევეცდებით, აღნშნული კითხვარის ბოლო ნაწილი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ და შემდეგ ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ", - განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით, კითხვარის მეორე ნაწილიც გასაჯაროვდება. 

ინფორმაციისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარი 11 აპრილს ჩაიბარა. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა. 

Businesspartner