რა კითხვები აქვს ევროკომისიას საქართველოს ეკონომიკურ ასპექტებზე - კითხვარი
ევროკომისიის კითხვარის ეკონომიკური ნაწილი სამი ძირითადი მუხლისგან შედგება: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საფინანსო ბაზრის ფუნქციონირება და შრომის ბაზარი. თავის მხრივ, მუხლები ჩაშლილია სხვადასხვა ქვეთავებად.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის ნაწილში, ევროკომისია ინტერესდება, როგორია ქვეყნის საბაზრო ეკონომიკა:
1. გთხოვთ, მოგვაწოდოთ გასული წლის ოფიციალური ანგარიში მაკროეკონომიკური მოვლენების შესახებ ინგლისურ ენაზე.
2. როგორია ძირითადი მიზნები და წესები ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სფეროში?
3. რა არის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევები/პრიორიტეტები და რა ზომების მიღებაა დაგეგმილი მათ მოსაგვარებლად?
ბიზნეს გარემოს ნაწილში ევროკომისიის კითხვები შემდეგნაირად გამოიყურება:
- როგორია კორპორატიული სექტორის ზომა? გთხოვთ აღწეროთ სექტორის ძირითადი მახასიათებლები.
- გთხოვთ, აღწეროთ ბაზარზე შესვლისა და გასვლის ძირითადი მოთხოვნები კორპორატიული სექტორისთვის (ბიზნესი რეესტრი, სალიცენზიო პროცედურების რაოდენობა, ცალკეული ადმინისტრაციული პროცედურების რაოდენობა, გაკოტრების პროცედურები და ა.შ.), როგორია კომპანიის რეგისტრაციის საშუალო დრო?
- გთხოვთ, აღწეროთ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, კორუფციის დაძლევის მიზნით მიღებული ინიციატივები და აქამდე მიღწეული შედეგები. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ფოკუსირებული ინფორმაცია ბიზნესის ძირითადი დაბრკოლებების შესახებ. მათ შორის ის, რაც აფერხებს მათ მუშაობას ერთ ეკონომიკურ სივრცეში.
- როგორია არაფორმალური ეკონომიკის სავარაუდო წილი? როგორ არის შეფასებული? რა გავლენას ახდენს საჯარო ფინანსებზე, დასაქმებასა და საბაზრო კონკურენციაზე?
- რამდენად და როგორ მოქმედებს კორუფცია ბიზნეს გარემოზე?
ევროკომისიას კითხვები აქვს იმაზეც, თუ როგორია სახელმწიფოს გავლენა სამომხმარებლო პროდუქციის ბაზრებზე:
1. როგორია საჯარო სექტორის საერთო წილი ეკონომიკაში, მათ შორის დამატებული ღირებულებისა და დასაქმების მიმართულებით? რა სექტორებია ჯერ კიდევ საჯარო სექტორში? გთხოვთ, წარმოადგინოთ მთავრობის გეგმები სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით.
2. რომელია რეგულირებადი სექტორები (მაგ. კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტი, საცხოვრებელი). გთხოვთ აღწეროთ ამ მხრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ლიბერალიზაციის ან დერეგულაციის კონკრეტული ღონისძიებები. რომელი სექტორები უნდა დარჩეს რეგულირების ქვეშ?
3. სახელმწიფო დახმარება: როგორია სახელმწიფო დახმარების გაცემის საკანონმდებლო ბაზა? როგორია ძირითადი მახასიათებლების ჩარჩო? როგორ წარიმართა სუბსიდიებისა და საჯარო გარანტიების საკითხები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში? რა ეკონომიკური კრიტერიუმებით არის გაცემული სახელმწიფო დახმარება? გთხოვთ, მოგვაწოდოთ მონაცემები პირდაპირი სუბსიდიების შესახებ.
4. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია კერძო სექტორზე თუ სახელმწიფო საწარმოებზე სახელმწიფოს გარანტიით გაცემული საბანკო სესხების შესახებ. გარანტიების სქემებისა და სტრუქტურის შესახებ. არსებობს თუ არა საშუალოვადიანი მიზანები საჯარო გარანტიების შემცირების შესახებ? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ხელმისაწვდომი წლიური ანგარიშები სახელმწიფო დახმარების შესახებ.
5. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული დამატებითი ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებზე. მათი გამჭვირვალობის, მიზნობრიობისა და ღირებულების შესახებ და გრძელდება თუ არა მათი გამოყენება 2022 წელს.
კითხვარი მოიცავს ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრივატიზაცია და რესტრუქტურიზაცია, ფინანსური სტაბილურობა, კაპიტალის ბაზარი და სხვა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.