როგორ დავჯავშნოთ რიგი ვაქცინაციისთვის - მომხმარებელი არჩევანს Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის გააკეთებს
“ფაიზერის“ ვაქცინა რიგის დაჯავშნის პორტალზე დღეს, 18:00 საათიდან აისახება. მოქალაქემ კი, “ფაიზერსა“ და “ასტრაზენეკას“ შორის არჩევანი რეგისტრაციის დაწყებამდე უნდა გააკეთოს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, როდესაც მოქალაქე არჩევანს გააკეთებს ვაქცინებს შორის, “ფაიზერის“ არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება ის 6 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ეს კონკრეტული ვაქცინა გადანაწილდება, “ასტრაზენეკას“ არჩევის შემთხვევაში კი, სხვა კლინიკები.
“მოქალაქეს ექნება საშუალება, გააკეთოს არჩევანი “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერს“ შორის. “ფაიზერის“ ეფექტურობა, ისევე როგორც “ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია როგორც დაავადების გადადების თავიდან აცილების, ასევე ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, “ფაიზერით“ ვაქცინაცია სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
“ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური მოთხოვნები ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის შენახვის შესაფერისი პირობები. ვაქცინას შესანახად სჭირდება ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი -80, - 60 გრადუსის ფარგლებში. მისი შენახვა 2 გრადუსზე შესძლებელი მხოლოდ 3-დან 5 დღის განმავლობაში. დოზების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაცია ჩატარდება 6 კლინიკაში. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან, ვინაიდან ამ 6 კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.