სად გადანაწილდება Pfizer-ის ვაქცინა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის“ ვაქცინა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის კლინიკებში გადანაწილდება.
კერძოდ, თბილისში ბოკერიას კლინიკაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამტელის კლინიკასა და კავკასიის მედიცინის ცენტრში. ბათუმში რესპუბლიკის კლინიკაში. ქუთაისში კი, ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში.
მისი თქმით, საქართველოში “ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა, რომელიც 14 000 პირისთვის ორჯერადად არის გათვალისწინებული.
“დიდხანს ველოდით “ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც იქნა, ის საქართველოშია. 29 500 დოზა შემოვიდა, ის გამოყენებული იქნება 14 000 პირისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ “ფაიზერის“ მეორედ გაკეთების პერიოდად განსაზღვრულია 3-4 კვირა, არ გაიყოფა დოზები, როგორც ეს მოხდა “ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება. შესაბამისად მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში “ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს ჩამოვიდა, 15 მარტიდან კი, ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი. ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში დაბალი აქტვობა იყო, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით ასაკის პირებიც ჩაერთონ. ვაქცინაციის მსურველებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება, “ფაიზერით“ აიცრან თუ “ასტრაზენეკათი“.