საზოგადოება
08/11/2021

როგორ ავიღოთ და ვისარგებლოთ "მწვანე ბარათით"

როგორ ისარგებლებს მოსახლეობა ე.წ მწვანე სტატუსით - ამისთვის შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთცვაც შესაძლებელი იქნება სმარტფონებში, ან მოქალაქე უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში, სადაც მას ქაღალდის ბარათს გადასცემენ. 

"ეს რეგულაცია გაფართოვდა და ის აქამდეც მოქმედებდა სპეციალური ვებგვერდის covidpass.moh.gov.ge მეშვეობით. 

უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეეძლებათ, ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად თან ატარონ სმარტფონის მეშვეობით - იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს, აგრეთვე სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტო კამერის მეშვეობით",- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

მისი თქმით, დეკემბრამდე დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. 

"დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და საშუალება იქნება იმის, რომ ყველა დეტალი გავიაროთ",- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით "მწვანე ბარათი" პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. 

საბჭომ აგრეთვე განსაზღვრა კონკრეტული ობიექტები, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე არ დაიშვებიან.