საზოგადოება
08/11/2021

სად ვერ შევლენ მოქალაქეები "მწვანე პასპორტის" გარეშე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლეთაც არ ექნებათ "მწვანე პასპორტები" 1-ლი დეკემბრიდან გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.

საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შესვლას შეძლებენ: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე ბარათები" ამოქმედდება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.