პაატა კვიჟინაძე: "მწვანე ბარათის" ასეთი ფორმა საკმარისი არ არის
დეპუტატი პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პანდემიური სიტუაცია როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკის განვითარებას უქმნის საფრთხეს.
პაატა კვიჟინაძე საქართველოში 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე ბარათების" შემოღებას მიესალმება, თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთი ფორმა საკმარისი არ არის და უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო.
"პანდემია ყველაზე დიდი პრობლემაა - ეკონომიკის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა ხალხის ჯანმრთელობისთვის, უამრავი თანხა მიაქვს კიდევ თან.
მივესალმები "მწვანე ბარათების" შემოღებას, თუმცა ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის, ის უფრო წინ უნდა წავიდეს, როგორც ევროპამ გააკეთა, სადაც უფრო მკაცრი პირობებია" ,- აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში "მწვანე ბარათი" დეკემბრიდან ამოქმედდება. ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანი აქვს კორონავირუსი. განსაზღვრულია კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეები "მწვანე ბარათის" გარეშე ვერ შევლენ.