ლევან გოფოძე: ადამიანებო, მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ ვაქცინაცია სიკეთეა?
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა. მისი განმარტებით, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მძიმე შემთხვევების რაოდენობამ მოიკლოს.
„აცრების ყველაზე დიდი ბენეფიტი იქნება ის, რომ მძიმე შემთხვევა ცოტა გვექნება, შესაბამისად, ამის ფონზე შემცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა. 49 გარდაცვლილი დღეში, საქართველოსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 70 ადამიანი მიწევს რეანიმაციაში და აქედან არცერთია აცრილი. წარმოგიდგენიათ, ერთი საავადმყოფოსთვის რამხელა რიცხვია? ადამიანებო, მეტი რითი დაგიმტკიცოთ, რომ ვაქცინაცია სიკეთეა? ამ დროს მყავს 90 წლის ადამიანი, რომელიც ვაქცინირებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ,“ - აცხადებს გოფოძე.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.