სად გამოიყენებენ "მწვანე ბარათებს" - კონცეფცია უკვე შემუშავებულია
"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.
"მწვანე ბარათი" ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის. ამის პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რადგან ხელი შევუშალოთ ეპიდემიის კიდევ უფრო გამწვავებას.
ვფიქრობ, მოკლე დროში მზად იქნება ეს სისტემა, იმისთვის, რომ გაეშვას. მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებში, სადაც ხალხმრავლობაა ან სხვა ტიპის რისკებს უკავშირდება, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხოდ. არის ვაქცინაციის არჩევანი, აგრეთვე ტესტირების საკითხი - ამ მიმართულებით მიდის მუშაობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რომელ სივრცეებში გამოიყენება კოვიდპასპორტი, ამასთან დაკავშირებით თამარ გაბუნია განმარტავს: "არსებული მოდელით კოვიდპასპორტი უფრო აქტიურად გამოიყენება გასართობ ღონისძიებებზე, სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროებში. მაგრამ, კოვიდპასპროტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში".
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ამ საკითხს და დაზუსტდება ვადა, როდიდან შევა ძალაში კოვიდპასპორტი.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში "მწვანე ბარათის" ამოქმედებას აქტიურად უჭერენ მხარს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ "მწვანე ბარათების" ამოქმედება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.
ამასთან, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში "მწვანე ბარათი" აუცილებლად ამოქმედდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერც ის ასახელებს.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ვაქცინაციის ტემპი კი, შემცირდა.